ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-ში ვიზიტის დროს უკრაინულმა დელეგაციამ ბევრი ამოცანა შეასრულა
ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-ში ვიზიტის დროს უკრაინულმა დელეგაციამ ბევრი ამოცანა შეასრულა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ში ვიზიტის დროს უკრაინულმა დელეგაციამ ბევრი ამოცანა შეასრულა. ზელენსკის თქმით, მან კონგრესში მშვიდობის მიღწევის სტრატეგიისადმი სრული მხარდაჭერა მიიღო.

„ამ ვიზიტის დროს ბევრი ამოცანა შევასრულეთ. მადლობა პრეზიდენტ ბაიდენს ყველა დროის ყველაზე დიდი დახმარების პაკეტისთვის – თითქმის რვა მილიარდი დოლარი. დახმარება წარმოადგენს იარაღს ფრონტისთვის, საჰაერო თავდაცვას ჩვენი ქალაქებისთვის და „ეფ-16“-ებს საწვრთნელი მისიის გაფართოებისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.

ამასთან , უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან შეერთებულ შტატებში ვიზიტისას „გამარჯვების გეგმა“ წარადგინა. ზელენსკის განცხადებით, გეგმასთან დაკავშირებული შემდგომი ნაბიჯები უახლოეს მომავალში გერმანიაში „რამშტაინის“ ფორმატში მოკავშირეებთან ერთად განიხილება.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატებთან შეხვედრის შესახებაც და აღნიშნა, რომ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან შეხვედრისას, „ყველა მნიშვნელოვანი აქცენტი გაჟღერდა“, ხოლო დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადა „გამარჯვების გეგმის“ დეტალებისადმი ყურადღებისთვის.

გარდა ამისა, ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ერთიანობის მნიშვნელობას რუსეთის შესაჩერებლად და მშვიდობის უზრუნველსაყოფად.