ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-ის მხარდაჭერას ჩვენი ერის გასაძლიერებლად და ომის სამართლიანი დასასრულისთვის გამოვიყენებთ, ომის, რომელიც პუტინმა უნდა წააგოს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას უკრაინის დახმარების კანონპროექტის მიღების გამო.
ზელენსკის განცხადებით, კანონპროექტით გათვალისწინებული დახმარება, რომელიც ჯერ აშშ-ის სენატმაც უნდა დაამტკიცოს, მის ქვეყანას ომის სამართლიან დასრულებაში დაეხმარება.
„მინდა, მადლობა გადავუხადო პირადად სპიკერ მაიკ ჯონსონს და ყველა ამერიკელს, რომლებიც, როგორც ჩვენ უკრაინელები, ისევე გრძნობენ, რომ რუსულმა ბოროტებამ არ უნდა გაიმარჯვოს. იმედი მაქვს, რომ ეს პაკეტი განიხილება აშშ-ის სენატში და სწრაფად გადაეგზავნება პრეზიდენტ ბაიდენს. რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვიყენებთ ამერიკის მხარდაჭერას ჩვენი ერის გასაძლიერებლად და ამ ომის სამართლიანი დასასრულისთვის – ომის, რომელიც პუტინმა უნდა წააგოს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 60,8 მილიარდი დოლარის ოდენობით უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა.
სენატი კანონპროექტს, სავარაუდოდ, მომავალ კვირას განიხილავს და ამერიკის პრეზიდენტს ხელის მოსაწერად გადაეგზავნება.