ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-ის მიერ დამტკიცებული დახმარების პაკეტები სრულად და შეყოვნების გარეშე გვჭირდება
ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-ის მიერ დამტკიცებული დახმარების პაკეტები სრულად და შეყოვნების გარეშე გვჭირდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პარტნიორების, კერძოდ, აშშ-ის მიერ დამტკიცებული დახმარების პაკეტები უკრაინას სრულად და შეყოვნების გარეშე სჭირდება.

ამის შესახებ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„დღეს მოვისმინე მთავარსარდალ სირკისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრის, უმეროვის ანგარიში ჩვენი ძალების უზრუნველყოფაზე, პარტნიორებისგან მიწოდებებზე. მთავარსარდალმა და მინისტრმა, ასევე, მომაწოდეს ინფორმაცია პარტნიორებთან მათი კონტაქტებისა და ჩვენი მოლოდინების შესახებ. ჩვენ მადლობლები ვართ დამტკიცებული პაკეტების, თუმცა ისინი გვჭირდება ბრძოლის ველზე სრულად,  შეყოვნების გარეშე, რათა ყველაფერი, რაზეც ჩვენ შევთანხმდით პრეზიდენტ ბაიდენთან, იყოს განხორციელებული“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მადლობელია ყველა პარტნიორის და, მათ შორის, აშშ-ის მტკიცე გადაწყვეტილებისთვის, რომელიც დაეხმარა უკრაინას ხარკოვის საზღვრისპირა რაიონში სიტუაციის დასტაბილურებაში.

მისი თქმით, უკრაინას მიეცა შესაძლებლობა, საზღვრის მახლობლად გაანადგუროს რუსული სარაკეტო დანადგარები და იქ მობილიზებული რუსი ოკუპანტები.

ზელენსკის განცხადებით, საჭიროა, რომ ასეთი გადაწყვეტილებები გაგრძელდეს.

„ხარკოვისა და ოლქის წინააღმდეგ რუსული სარაკეტო ტერორის მნიშვნელოვნად შემცირება ადასტურებს, რომ ეს აბსოლუტურად რეალურია – ჩვენი ქალაქების დაცვა რუსული ბომბებისგან. ამიტომ საჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემები უკრაინისთვის – „პეტრიოტები“ და ეფ-16-ებისთვის ჩვენი მფრინავების მომზადების დაჩქარება, და რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ჩვენი იარაღის საკმარისად შორ მანძილზე მოქმედება – ეს არის ის, რაც ჩვენ ნამდვილად გვჭირდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.