ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ ევროპასთან ერთად თუ მოგვცემს ხუთ მილიარდს, მაშინ უკრაინა ჩაატარებს არჩევნებს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 2024 წელს უკრაინაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარება სურს, მაგრამ ეს მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილებებს, პარტნიორებისა და საერთაშორისო დამკვირვებლებისგან დაფინანსებას, თუნდაც ფრონტის ხაზზე.
ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა აშშ-ის რესპუბლიკელი სენატორის, ლინდსი გრემის განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ, ომის მიუხედავად, უკრაინაში მომავალ წელს არჩევები უნდა ჩატარდეს.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, საკითხთან დაკავშირებით ლინდსი გრემს პირადად ესაუბრა.
„ლოგიკურია, რომ დემოკრატიას თუ იცავ, მაშინ ომის დროსაც უნდა იფიქრო ამ დაცვაზე. არჩევნები თავდაცვის ერთ-ერთი გზაა, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ის, რომ ომის დროს არჩევნები კანონით აკრძალულია – ომის დროს არჩევნები ძალიან რთული ჩასატარებელია. ჩემი პასუხი ძალიან მარტივია – მე ვუთხარი, მზად ხართ, მომცეთ ხუთი მილიარდი, რადგან ბიუჯეტიდან ხუთ მილიარდს ვერ ავიღებ? მეჩვენება, რომ ეს თანხაა საჭირო იმისათვის, რომ ნორმალურ დროს ჩავატარო არჩევნები, მაგრამ ომის დროს, არ ვიცი, რა არის ეს თანხა. თუ აშშ ევროპასთან ერთად მოგვცემს ფინანსურ დახმარებას, მაშინ უკრაინა ჩაატარებს არჩევნებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არჩევნების ჩასატარებლად თანხას კრედიტით ვერ აიღებს. ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ დასავლეთს, პირველ რიგში, ევროპას, მოუწევს შვიდი მილიონი უკრაინელი ლტოლვილისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობის უზრუნველყოფა, რადგან უკრაინას არ აქვს ასეთი ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები.
„მე ვუთხარი გრემს: ჩვენ უნდა გავუშვათ დამკვირვებლები ფრონტის ხაზზე, რომ ლეგიტიმური არჩევნები გვქონდეს ჩვენთვის, მთელი მსოფლიოსთვის და ეს აბსოლუტურად სამართლიანია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.