ვოლოდიმირ ზელენსკი - არის ოლქები, სადაც სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის რაოდენობა ათჯერ გაიზარდა, სრულიად გასაგებია, რომ ეს არის კორუფციული გადაწყვეტილებები
ვოლოდიმირ ზელენსკი - არის ოლქები, სადაც სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის რაოდენობა ათჯერ გაიზარდა, სრულიად გასაგებია, რომ ეს არის კორუფციული გადაწყვეტილებები

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე სამხედრო-სამედიცინო კომისიების მიერ 2022 წლის 24 თებერვლიდან მიღებული გადაწყვეტილებების შემოწმების განკარგულება გასცა. როგორც ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა, სამხედრო-სამედიცინო კომისიების საეჭვო გადაწყვეტილებებისა და ქრთამის საფუძველზე ათასობით ადამიანი საზღვარგარეთ წავიდა.

ზელენსკის თქმით, ომის დაწყების შემდეგ ზოგიერთ ოლქში სამხედრო-სამედიცინო კომისიების კორუმპირებული გადაწყვეტილებების გამო ათჯერ გაიზარდა სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის რაოდენობა. მისი თქმით, ყველა კორუმპირებული პირი პასუხს აგებს.

„ახლა მიმდინარეობს მთელ ქვეყანაში სამხედრო-სამედიცინო კომისიების შემოწმება. მალე სამართალდამცველები მას დაასრულებენ და უკვე არის რამდენიმე დასკვნა. ინვალიდობისა და სამხედრო სამსახურისთვის უვარგისობის შესახებ საჭიროა სამხედრო-სამედიცინო კომისიების მიერ 24 თებერვლის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებების მნიშვნელოვანი მასივის შემოწმება. ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე წარმოდგენილი იყო შესაბამისი სტატისტიკა. არის ოლქები, სადაც გასული წლის თებერვლის შემდეგ სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის რაოდენობა ათჯერ გაიზარდა სამხედრო-სამედიცინო კომისიების გადაწყვეტილებების გათვალისწინების გამო. სრულიად გასაგებია, რა გადაწყვეტილებებია ეს. კორუმპირებული გადაწყვეტილებები“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, სამართალდამცველები გააგრძელებენ სამხედრო-სამედიცინო სისტემის შემოწმებას და მის გაწმენდას მათგან, ვინც თანამდებობებს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის წინააღმდეგ იყენებენ.

„ცალკე გააანალიზდება სამხედრო-სამედიცინო კომისიების აშკარად საეჭვო გადაწყვეტილებების საფუძველზე საზღვარგარეთ წასულთა სიაც. უპირველეს ყოვლისა, იმ პირების გადაწყვეტილებების საფუძველზე, ვინც უკვე დაკავებულია ქრთამისთვის. საუბარია, სულ მცირე, ათასობით ადამიანზე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.