ვოლოდიმირ ზელენსკი - ახლა მნიშვნელოვანია, სამთავრობო ინსტიტუტები მაქსიმალურად აქტიურად მუშაობდნენ, უფრო აქტიურად, ვიდრე ადრე
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ის სამთავრობო ცვლილებების შემდეგ უფრო აქტიურ მუშაობას ელოდება, ვიდრე აქამდე. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
„მთავრობაში ცვლილებები განხორციელდა. მადლობელი ვარ პარლამენტის, რომ მხარი დაუჭირა შესაბამის კანდიდატურებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამთავრობო ინსტიტუტები ახლა მაქსიმალურად აქტიურად მუშაობდნენ – უფრო აქტიურად, ვიდრე ადრე. ყველა დონეზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება გამოყო, მათ შორის მეტი ინვესტიციის მოპოვება პარტნიორებისგან თავდაცვით წარმოებაში, ასევე წინსვლა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებების პროცესში.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გარკვეული შედეგების მოლოდინი აქვს უკრაინისთვის იარაღის უფრო აქტიური მიწოდების, ენერგეტიკის დაცვისა და განადგურებული ტერიტორიების აღდგენასთან დაკავშირებით.
„არის ათობით ასეთი კონკრეტული ამოცანა და შემოდგომის განმავლობაში თითოეულმა თავის თანამდებობაზე გარკვეული შედეგები უნდა აჩვენოს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, უკრაინის რადამ მხარი დაუჭირა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერის, ოლგა სტეფანიშინას, იუსტიციის მინისტრის, დენის მალიუსკას, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, რუსლან სტრელეცისა და მრეწველობის მინისტრის, ალექსანდრ კამიშინის გადადგომას. ამასთან, 5 სექტემბრის სხდომაზე რადამ დმიტრო კულებასა და ირინა ვერეშჩუკის თანამდებობებიდან გათავისუფლებასაც დაუჭირა მხარი.