ვოლოდიმირ ზელენსკი - ახალი წლის დადგომამდე რუსეთი შეეცდება, უკრაინელებს ცხოვრება გაურთულოს, თუმცა უკრაინის მოსახლეობა მზად უნდა იყოს ნებისმიერი სცენარისთვის
ახალი წლის დადგომამდე რუსეთი შეეცდება, უკრაინელებს ცხოვრება გაურთულოს, თუმცა უკრაინის მოსახლეობა მზად უნდა იყოს ნებისმიერი სცენარისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
ზელენსკის თქმით, რუსეთმა წელს ყველაფერი დაკარგა, რაც შეეძლო, მაგრამ ცდილობს, თავისი დანაკარგები უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმების შემდეგ პროპაგანდისტების ზეიმით აანაზღაუროს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობას მოუწოდა, საჰაერო განგაშის მიმართ ყურადღებით იყვნენ.
„მინდა, მე და თქვენ კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადოთ – ერთად გადავუხადოთ მადლობა ყველას, ვინც ამ დღეებშიც და ნებისმიერ სხვა დროს აკეთებს ყველაფერს, რომ მე და თქვენ ვიცხოვროთ. ვიცხოვროთ ჩვენი ცხოვრებით ჩვენს ქვეყანაში. მადლობა თითოეულ ჩვენს ჯარისკაცს – ყველა სამხედროს. საჰაერო ძალების ყველა მებრძოლს, მეზენიტეებს, მზვერავებს, მესაზღვრეებს, ეროვნულ გვარდიელებს, ტერიტორიულ თავდაცვას, საზღვაო ძალებს. მადლობა თითოეულ ჯარისკაცს და მეზღვაურს, ყველა სერჟანტსა და ათისთავს, ყველა ოფიცერსა და გენერალს, ვისაც ფრონტი უჭირავს და ცდილობს მის გადაადგილებას ჩვენს საზღვრამდე, რომელსაც ჩვენ უნდა მივაღწიოთ. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც არემონტებს და აწვდის აღჭურვილობას. ყველას, ვინც მოხალისეა. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს ექიმს და ყველას, ვინც ბრძოლის ველზე დაჭრილებს მკურნალობს. მადლობა ყველა მედდას, ვინც თავის საქმეს ნებისმიერ შემთხვევაში თავდაუზოგავად აკეთებს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ახლა მივიდა ხერსონში დასახმარებლად, შობის დღესასწაულზე ტერაქტის დროს დაჭრილების გადასარჩენად… არტილერია და ნაღმტყორცნები ხერსონის ჩვეულებრივი ქუჩების წინააღმდეგ… არაადამიანები! ჩვენ ყველა რუს მკვლელს ვიპოვით. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამისთვის მუშაობს: ყველა საგამოძიებო ჯგუფს, ყველა პროკურორს, თანამდებობის პირებსა და დიპლომატებს“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.