ვოლოდიმირ ზელენსკი - ადრე თუ გვიან, რუსეთს მოუწევს ჩვენთან ლაპარაკი, საუბარი იმაზე, როგორ დავასრულოთ საომარი მოქმედებები და ეს შემოჭრა
ვოლოდიმირ ზელენსკი - ადრე თუ გვიან, რუსეთს მოუწევს ჩვენთან ლაპარაკი, საუბარი იმაზე, როგორ დავასრულოთ საომარი მოქმედებები და ეს შემოჭრა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის დაბომბვის შემდეგ მოსახლეობას მიმართა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ტყუილია რუსეთის განცხადება, რომ მათი სამიზნე არ არის სამოქალაქო ობიექტები.

„​ისინი ამბობენ, რომ სამოქალაქო ობიექტები არ არის მათი სამიზნე, ეს ტყუილია, ისინი არ უყურებენ, სად მოქმედებენ. დარტყმის ქვეშ ერთიანად არიან სამხედროებიც და მშვიდობიანი მოქალაქეებიც. ამ თავდასხმის სამიზნე არის ზეწოლა. ზეწოლა თქვენზე ჩემო მოქალაქენო, ზეწოლა მთელს საზოგადოებაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთს ადრე თუ გვიან, მოუწევს უკრაინასთან საუბარი იმაზე, როგორც უნდა დასრულდეს საომარი მოქმედებები.

„უკრაინელები აჩვენებენ ნამდვილ გმირობას. რუსული ჯარი ბევრი მიმართულებით შევაჩერეთ. მიმდინარეობს ბრძოლა, რუსეთის თავდასხმა გრძელდება. ისინი ცდილობენ, დაგვღალონ , მაგრამ არ დავიღლებით. ადრე თუ გვიან, რუსეთს მოუწევს ჩვენთან ლაპარაკი, საუბარი იმაზე, როგორ დავასრულოთ საომარი მოქმედებები და ეს შემოჭრა. რაც უფრო სწრაფად დაიწყება ეს საუბარი, მით უფრო ნაკლები იქნება დანაკარგი, მათ შორის რუსულ მხარესაც“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ვიდეომიმართვის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა რუს ხალხს რუსულ ენაზე მიმართა და რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

„რუსეთის ყველა მოქალაქეს, რომელიც საპროტესტო აქციებზე გადის, მინდა გითხრათ: ჩვენ გხედავთ. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ჩვენი ხმა გაიგეთ, ჩვენი გჯერათ, იბრძოლეთ ჩვენთვის, იბრძოლეთ ომის წინააღმდეგ“, – განაცხადა ზელენსკიმ.