ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე ესაუბრა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე ესაუბრა. ამის შესახებ უკრაინის ლიდერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„მქონდა სატელეფონო საუბარი ურსულა ფონ დერ ლაიენთან. ვისაუბრეთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების, მაკროფინანსური დახმარებისა და ევროკავშირში უკრაინის წევრობის შესახებ“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
აღსანიშნავია, რომ მანამდე „ევრონიუსთან“ ინტერვიუში ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინა „ერთ-ერთი ჩვენგანია და გვინდა, რომ ევროკავშირში იყოს“.
„ბევრი საკითხია, სადაც ჩვენ (ევროკავშირი და უკრაინა) ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ და მართლაც, დროთა განმავლობაში, ისინი ჩვენი ნაწილი ხდებიან. უკრაინა ერთ-ერთი ჩვენგანია და გვინდა, რომ ევროკავშირში იყოს“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.