ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინისთვის F16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემისთვის მზადყოფნა ნიდერლანდებმა, დანიამ და ნორვეგიამ დაადასტურეს
უკრაინისთვის F16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემისთვის მზადყოფნა უკვე სამმა ქვეყანამ – ნიდერლანდებმა, დანიამ და ნორვეგიამ დაადასტურეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან, იონას გარ სტორთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზელენსკის ცნობით, გამანადგურებლების გადაცემა უკრაინელი მფრინავებისა და ინჟინრების მომზადების შემდეგ მოხდება.
„ჩვენ გვყავს სამი ქვეყანა, რომელიც დათანხმდა მომზადების შემდეგ უკრაინისთვის F16-ების გადაცემას – დანია, ნიდრელანდები, ნორვეგია. ჩვენ ძლიერ მადლობელი ვართ ამ სამი სახელმწიფოსი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერმა მადლობა გადაუხადა ნორვეგიის მთავრობის მეთაურს უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემის მნიშვნელოვანი და ისტორიული გადაწყვეტილებისთვის.
კითხვაზე, ხომ არ არის ცოტა იმ თვითმფრინავების რაოდენობა, რომელთა გადაცემაც უკრაინისთვის იგეგმება, ზელენსკიმ უპასუხა: „რთული იქნება რაოდენობაზე საუბარი. ვფიქრობ, უნდა ვიყოთ მადლობელი ნებისმიერი რაოდენობისთვის. საიდან მოიტანეთ, რომ იქნება ცოტა? ვნახოთ“.