ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები, შესაძლოა, წელს დაიწყოს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები, შესაძლოა, მიმდინარე წელს დაიწყოს. ამის შესახებ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა, სადაც მან უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შედეგებზე ისაუბრა.
უკრაინის ლიდერის თქმით, სამიტზე განხილული იყო ასევე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტის მზადების საკითხი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ევროკომისიას უკრაინის აღდგენის გეგმისთვის ერთი მილიარდი ევროს გამოყოფისთვის.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამიტზე ევროკავშირმა ოფიციალურად დაუჭირა მხარი უკრაინის „მშვიდობის ფორმულას“, რაც სამიტის შემაჯამებელ განცხადებაშია დაფიქსირებული.
„ამ საღამოს შეგვიძლია, ვთქვათ, რომ უკრაინა მიდის თავისი მიზნისკენ. ჩვენ შევინარჩუნეთ უკრაინული თავისუფლება. ჩვენ ვიცავთ უკრაინის ღირებულებებს და მივაღწევთ ჩვენი სახელმწიფოს ევროპულ მიზნებს. დღეს უკვე იგრძნობოდა ამ სამიტის რწმენა. ჩვენ ვსაუბრობდით და ვსაუბრობთ უკვე როგორც ევროპული საზოგადოების მონაწილეები. ვმუშაობთ, რომ ეს იურიდიულად დავაფიქსიროთ. რაზე ვისაუბრეთ დღეს – არის გაგება, რომ ევროკავშირში უკრაინის წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება მიმდინარე წელს არის შესაძლებელი. პარტნიორებს ასევე ესმით, რომ მიმდინარე წელს, ისევე, როგორც გასულ წელს, აუცილებელია ჩვენი სახელმწიფო თავდაცვითი მხარდაჭერის და რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება, მათ შორის სასანქციო ზეწოლის. ჩვენ ვისაუბრეთ დღეს ევროკავშირის სანქციების მეათე პაკეტის მომზადებაზე. გვაქვს შეთავაზებები ამ პაკეტთან დაკავშირებით, რომლებიც ჩვენს პარტნიორებს გადავეცით. განვიხილეთ ჩვენს სახელმწიფო ინსტიტუტებში ცვლილებები, რომლებსაც ვახორციელებთ და რომელთა განხორციელებისთვისაც კიდევ ვემზადებით. განვიხილეთ ფინანსური თანამშრომლობა. რა თქმა უნდა, განვიხილეთ ინფრასტრუქტურის აღდგენა, უპირველეს ყოვლისა, სოციალური და ენერგეტიკული“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ვიდეომიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე ფრონტზე არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.
„ფრონტზე სიტუაცია ძალიან მძიმე რჩება, განსაკუთრებით დონეცკის მიმართულებით. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მეომარს, რომლებიც უძლებენ დამპყროლების სასტიკ ზეწოლას, რომლებიც მკაფიოდ და სრულად ასრულებენ ჩვენი პოზიციების დაცვის ამოცანებს და ასეთ მძიმე პირობებშიც უკრაინას კარგ ამბებს უგზავნიან. მადლობა ყველას, ვინც იბრძვის უკრაინისთვის, ვინც გვეხმარება ოკუპანტებისგან თავდაცვაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.