ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ შესაძლოა, ყირიმის დაბრუნების საკითხი დიპლომატიური გზებით მოგვარდეს
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ შესაძლოა, ყირიმის დაბრუნების საკითხი დიპლომატიური გზებით მოგვარდეს

ბირთვული იარაღის შიშის გამო რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკება მესამე მსოფლიო ომის დასაწყისია, – აღნიშნულის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა „როიტერთან” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ეს უბრალოდ დედამიწის განადგურებაა, მისი დასაწყისი. არც კი მესმის, როგორ შეუძლიათ სპეცსამსახურებმა, მსოფლიოს დაზვერვის სამსახურებმა, მსოფლიოს უძლიერესმა ტვინებმა, რომ რუსეთს ამაზე ფიქრის საშუალებაც კი მისცენ. ვფიქრობ, ეს არ მოხდება. თუმცა, ამ სახელმწიფოსთან დაკავშირებით რაიმე საბოლოო პროგნოზს ვერ გავაკეთებთ. მაგრამ, მაპატიეთ, იმის შიშით, თუ რისი გაკეთება შეუძლია ამ სახელმწიფოს და მათთან ამიტომ მოლაპარაკება არის ყველაზე ცუდი შედეგი, რაზეც შეიძლება წასვლა. ეს არის ზუსტად მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ შეიძლება დიალოგი იმ ადამიანებთან, რომლებიც იმუქრებიან ბირთვული იარაღით და საჭიროა მსოფლიოში ასეთი ადამიანების გარეშე ცხოვრებაზე ფიქრი. გარდა ამისა, ზელენსკიმ განაცხადა, რომ შესაძლოა, ყირიმის დაბრუნების საკითხი დიპლომატიური გზებით მოგვარდეს. ჟურნალისტმა უკრაინის პრეზიდენტს კითხვა დაუსვა, არის თუ არა უკრაინა იმ მდგომარეობაში, რომ ყირიმი დაიბრუნოს.

„სხვა შანსი არ არის, უბრალოდ გამოსავალი არ არის, აუცილებელია ტერიტორიის დეოკუპაცია. ასევე შესაძლოა მოხდეს, რომ ყირიმი დიპლომატიური გზით იქნას დაბრუნებული. რა თქმა უნდა, უკრაინაში უფრო მეტად ამ საკითხის მოგვარების დიპლომატიურ გზას უჭერენ მხარს. პირთა რომელი წრე განიხილავს ამ საკითხს და როდის იქნება ეს, ახლა ვერ გეტყვით. თუმცა, ეს ჩემი მოსაზრებაა. უკრაინა შეძლებს მშვიდად იცხოვროს, როცა მთელ თავის მიწას დაიბრუნებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.