ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ საუდის არაბეთის პრინც მუჰამედ ბინ სალმანთან შეხვედრაზე სამშვიდობო გეგმას განიხილავენ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა, სადაც საუდის არაბეთის პრინც მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდს შეხვდება. მხარეები უკრაინის სამშვიდობო გეგმას განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებს ინფორმაციას.
„პირველი საკითხია სამშვიდობო ფორმულა. გასულ წელს ჯიდაში მრჩეველთა ეფექტური შეხვედრა გავმართეთ, რათა განგვეხილა მისი განხორციელების საკითხი. ჩვენ ახლა გვიახლოვდება პირველი სამშვიდობო სამიტი და ვეყრდნობით საუდის არაბეთის მუდმივ აქტიურ მხარდაჭერას“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, განხილვის თემა იქნება ტყვეებისა და უკანონოდ დეპორტირებული პირების სამშობლოში დაბრუნების საკითხიც.
„საუდის არაბეთის ხელმძღვანელობამ უკვე შეუწყო ხელი ჩვენი ხალხის გათავისუფლებას. დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრაც გამოიღებს შედეგს“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.
ამასთან, როგორც ზელენსკი წერს, ლიდერები ისაუბრებენ ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტიულ სფეროებსა და საუდის არაბეთის ჩართულობაზე უკრაინის რეკონსტრუქციაში.