ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევას ხელი მოაწერა - არ იქნება იარაღი, სანქციები, შეზღუდვები რუსული ბიზნესისთვის, ეძებეთ სხვა სამსახური
უკრაინამ საქართველოდან და მაროკოდან ელჩები გაიწვია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
პრეზიდენტმა დიპლომატიური ფრონტი ერთ-ერთ მთავარ ფრონტად მოიხსენია და აღნიშნა, რომ საქართველოდან და მაროკოდან ელჩები იმ მიზეზით გაიწვია, რომ მათ ვერ შეძლეს მიეღწიათ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის ან უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებისთვის.
პრეზიდენტის თქმით, „არსებობენ ისინი, ვინც სხვებთან ერთად უკრაინის თავდაცვისთვის მუშაობენ და ისინი, ვინც დროს კარგავენ და მუშაობენ მხოლოდ თანამდებობაზე დასარჩენად“.
„დღეს ხელი მოვაწერე განკარგულებას უკრაინის ელჩის მაროკოდან გაწვევის შესახებ. ასევე დაბრუნებულია ელჩი საქართველოდან. დიდი პატივისცემის მიუხედავად, არ იქნება იარაღი, არ იქნება სანქციები, არ იქნება შეზღუდვები რუსული ბიზნესისთვის – გთხოვთ, ეძებეთ სხვა სამსახური“, – განაცხადა ზელენსკიმ
როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, უახლოეს მომავალში შედეგებს ელის სამხრეთ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და აფრიკის ქვეყნებში მყოფი უკრაინის წარმომადგენლებისგან, ასევე უკრაინის სამხედრო ატაშეებისგან.