ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ ხერსონის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 21 და დაშავდა 48 ადამიანი
რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ხერსონის დაბომბვის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 48, მათ შორის ორი ბავშვია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„მსოფლიომ უნდა ნახოს და იცოდეს ეს. რკინიგზის სადგური, სახლი, ტექნიკის მაღაზია, სუპერმარკეტი, ბენზინგასამართი სადგური – იცით, რა აერთიანებს ამ ადგილებს? სისხლიანი კვალი, რომელსაც რუსეთი ტოვებს თავისი ჭურვებით, კლავს მშვიდობიან მოსახლეობას ხერსონში და ხერსონის სხვადასხვა რეგიონში“, – წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტმა მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს და აღნიშნა, რომ უკრაინა აუცილებლად დაამარცხებს ბოროტ სახელმწიფოს და პასუხს აგებინებს ყველა დამნაშავეს.