ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი ავდეევკასთან იმაზე მეტ სამხედროს და ტექნიკას კარგავს, ვიდრე ბახმუტთან
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი ავდეევკასთან იმაზე მეტ სამხედროს და ტექნიკას კარგავს, ვიდრე ბახმუტთან. ზელენსკის თქმით, ამ შემოტევის გაძლება ძალიან რთულია. აღნიშნულის შესახებ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, რუსეთის ძალების შტურმი დონეცკის ოლქში განსაკუთრებით ინტენსიურია.
„უნდა გვესმოდეს, რომ პუტინს ახლა აქვს ძალიან ცინიკური და კონკრეტული პოლიტიკური მიზანი. ის მზად არის, დახოცოს იმდენი თავისი ხალხი, რამდენიც უნდა, რადგან სურს, რომ თუნდაც რამე ტაქტიკური შედეგი აჩვენოს დეკემბრის პირველ ნახევარში, როდესაც აპირებს არჩევნებში მონაწილეობის გამოცხადებას. რუსეთი უკვე კარგავს ავდეევკასთან ჯარისკაცებს და ტექნიკას იმაზე სწრაფად და მასშტაბურად, ვიდრე ბახმუტთან. ამ შემოტევის გაძლება ძალიან რთულია. თითოეული ჩვენი მეომარი, რომელსაც იქ პოზიციები უკავია, რომელიც სწორედ იქ ასრულებს საბრძოლო ამოცანებს, ჩვენს განსაკუთრებულ მადლიერებას იმსახურებს. ისინი ნამდვილი გმირები არიან. რაც უფრო მეტი რუსული ძალა იქნება განადგურებული ავდეევკასთან, მით უარესი იქნება მტრისთვის საერთო მდგომარეობა, ამ ომის საერთო მიმდინარეობა“, – განაცხადა ზელენსკიმ.