ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პარლამენტს წარუდგენს კანონპროექტს, რომლითაც უკრაინაში ორი და მეტი ქვეყნის მოქალაქეობის უფლება დასაშვები გახდება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პარლამენტს წარუდგენს კანონპროექტს, რომლითაც უკრაინაში ორი და მეტი ქვეყნის მოქალაქეობის უფლება დასაშვები გახდება.
„დღეს უკრაინის უმაღლეს რადაში შემაქვს საკვანძო კანონპროექტი, რომელიც კანონმდებლობაში კომპლექსური ცვლილებების შეტანისა და მულტიმოქალაქეობის ინსტიტუტის დანერგვის შესაძლებლობას მოგვცემს. ის შესაძლებელს გახდის, ჩვენი მოქალაქეობა ჰქონდეს ყველა ეთნიკურ უკრაინელსა და მათ შთამომავალს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. რა თქმა უნდა, აგრესორი ქვეყნის გარდა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტის განმარტებით, სულისკვეთებით და წარმომავლობით უკრაინელები უნდა გახდნენ უკრაინელები კანონითაც. ზელენსკის თქმით, კანონი გავრცელდება ყველა უკრაინელზე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ასევე უცხოელ მოხალისეებზე, რომლებიც უკრაინის დასაცავად დადგნენ და იცავენ უკრაინის თავისუფლებას, როგორც საკუთარ სამშობლოს.
„ყველა, ვისაც არ დაავიწყდა საკუთარი ფესვები და არ აძლევს მსოფლიოს საშუალებას, დაივიწყოს უკრაინა, ვის ძარღვებშიც უკრაინული სისხლი მიედინება და ვის გულშიც თავისუფალი გული ძგერს, წარმომავლობით უკრაინელები, რომლებმაც დიდი ხანია, დაამტკიცეს, რომ უკრაინელები არიან სულისკვეთებითაც, მრავალწლიანი მოლოდინის შემდეგ საბოლოოდ უნდა გახდნენ უკრაინელები პასპორტითაც, საკანონმდებლო დონეზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.