ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ხმელეთით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირება დაუშვებელია
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინული აგროპროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებით თათბირი გამართა. ამის შესახებ ზელენსკი ტელეგრამარხში წერს.
აღნიშნული საკითხი უკრაინის ხელისუფლებამ განიხილა პოლონეთის განზრახვის ფონზე, გააგრძელოს უკრაინული მარცვლეულის იმპორტის ბლოკირება 15 სექტემბრის შემდეგ, როდესაც ევროკომისიის მიერ უკრაინული პროდუქციის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვების ვადა ამოიწურება.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინას სჯერა ევროკომისიასთან შეთანხმებების, თუმცა სცენარის ნებისმიერი განვითარებისთვის ეზადება.
„ჩვენი პოზიცია გასაგებია: 15 სექტემბრის მერე, როდესაც მოქმედებას შეწყვეტს შესაბამისი შეზღუდვები, ხმელეთით ექსპორტის ბლოკირება დაუშვებელია ყველანაირი სახით. ჩვენ კავშირი გვაქვს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა ვიპოვოთ გამოსავალი, რომელიც ყველასთვის იქნება ხელსაყრელი“, – წერს ზელენსკი.
შეგახსენებთ, გასულ კვირას პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ არ გამორიცხა, რომ უკრაინული მარცვლეულისთვის 15 სექტემბრის შემდეგ საზღვარი დაკეტილი დატოვოს. საპასუხოდ, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა „არამეგობრული და პოპულისტური“ უწოდა პოლონეთის გეგმას უკრაინული მარცვლეულის ბლოკირებასთან დაკავშირებით.
მანამდე პოლონეთმა, ბულგარეთმა, უნგრეთმა, რუმინეთმა და სლოვაკეთმა ერთობლივად მიმართეს ევროკავშირს 15 სექტემბრის შემდეგ უკრაინული მარცვლეულის იმპორტის შეზღუდვის გახანგრძლივების თხოვნით.