ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ფოკუსის გადატანამ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომზე, შეანელა კიევისთვის საარტილერიო ჭურვების მიწოდება, რაც ძირს უთხრის უკრაინის სამხედრო ძალისხმევას
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ფოკუსის გადატანამ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომზე, შეანელა კიევისთვის საარტილერიო ჭურვების მიწოდება, რაც ძირს უთხრის უკრაინის სამხედრო ძალისხმევას

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ფოკუსის გადატანამ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომზე, შეანელა კიევისთვის საარტილერიო ჭურვების მიწოდება, რაც ძირს უთხრის უკრაინის სამხედრო ძალისხმევას. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

ზელენსკის თქმით, ახლო აღმოსავლეთში მებრძოლები საჭიროებენ 155-მილიმეტრიან ჭურვებს, რომლებიც უკრაინისთვის აუცილებელი იარაღის მიწოდების ძირითადი კომპონენტია.

როგორც „ბლუმბერგი“ წერს, აღნიშნულ ჭურვებზე მოულოდნელი მოთხოვნა სენსიტიურ მომენტში გაჩნდა, როდესაც ევროკავშირის მხრიდან არის მინიშნებები, რომ ის, სავარაუდოდ, ვერ შეასრულებს დაპირებას მარტამდე კიევისთვის მილიონი საარტილერიო ჭურვის მიწოდებასთან დაკავშირებით.

„ჩვენი მარაგები შემცირდა. ეს ცხოვრებაა და ეს ნორმალურია, რადგან ყველა იბრძვის გადარჩენისთვის. ჩვენ ასევე უნდა დავიცვათ საკუთარი თავი. ახლა მე კონცენტრირებული ვარ დასავლეთისგან დახმარების მიღებაზე. მათი ფოკუსი იხრება ახლო აღმოსავლეთისა და სხვა მიზეზების გამო. მხარდაჭერის გარეშე ჩვენ უკან ვიმოძრავებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც „ბლუმბერგი“ აღნიშნავს, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაჩაღებამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მოკავშირეების უნარი, დარჩნენ ფოკუსირებულები უკრაინის მხარდაჭერაზე, სადაც მრავალთვიანმა კონტრშეტევამ მნიშვნელოვან პროგრესს ვერ მიაღწია ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების კუთხით.