ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ერთი კვირის განმავლობაში უკრაინაში საბროლო მოქმედებებს თითქმის ცხრა ათასი რუსი სამხედრო ემსხვერპლა
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას მხარს უჭერს 141 ქვეყანა, რუსეთს კი მხოლოდ ოთხი. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თითოეულმა ოკუპანტმა უნდა იცოდეს, რომ ისინი უკრაინელებისგან რისხვას მიიღებენ. ისეთს, რომელსაც სამუდამოდ დაიმახსოვრებენ.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, გასული ერთი კვირის განმავლობაში, თითქმის ცხრა ათასი რუსი სამხედრო ემსხვერპლა საბრძოლო მოქმედებებს უკრაინაში. მისივე განცხადებით, მოწინააღმდეგეს ვერტმფრენების საშუალებით უწევთ დაღუპულებისა და დაშავებულების გაყვანა.
„19 წელი, 20 წელი – რა ნახეს მათ ცხოვრებაში სხვის მიწაზე შეჭრის გარდა? წადით სახლში, თქვენს არმიაში. უთხარით თქვენს მეთაურებს, რომ სიცოცხლე გინდათ, რომ არ გინდათ სიკვდილი“, – მიმართა ზელენსკიმ რუს სამხედროებს.
ზელენსკის თქმით, უკრაინელები ყველაფერს აკეთებენ, ოკუპანტების მორალურად გასატეხად.
„ჩვენ ვართ ერი, რომელმაც ერთ კვირაში დაარღვია მტრის გეგმები. გეგმები, რომელიც წლობით შენდებოდა. მტრის მორალური მდგომარეობა უარესდება. უფრო მეტი ოკუპანტი გარბის საკუთარ სახლებში. გულწრფელად აღფრთოვანებული ვარ უკრაინელებით, რომლებიც შიშველი ხელებით გამოდიან და ოკუპანტებს თავიანთი ქალაქებიდან აძევებენ!“,- განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, სამხედროებისა და სამართალდამცველების გარდა, ჩვეულებრივ მოქალაქეებსაც კი, ყოველდღიურად ტყვედ აჰყავთ რუსი სამხედროები და ეს სამხედროები ამბობენ, რომ არ იციან, თუ რისთვის არიან უკრაინაში.