ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპმა რეალურად არ იცის, როგორ შეაჩეროს ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპმა რეალურად არ იცის, როგორ შეაჩეროს ომი უკრაინაში

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა სინამდვილეში არ იცის, როგორ შეაჩეროს ომი უკრაინაში.

ამის შესახებ უკრაინელმა ლიდერმა „ნიუ იორკერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ტრამპმა რეალურად არ იცის, როგორ შეაჩეროს ომი, „თუნდაც მას ეჩვენებოდეს, რომ იცის, როგორ გააკეთოს ეს“.

„ამ ომთან დაკავშირებით ხშირად ხდება ისე, რომ რაც უფრო ღრმად უყურებ მას, მით ნაკლებად გესმის“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, მან ნახა „ბევრი ლიდერი, რომლებიც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ იცოდნენ, როგორ დაესრულებინათ ის ხვალვე, მაგრამ როდესაც უფრო ღრმად შევიდნენ დეტალებში, მიხვდნენ, რომ ყველაფერი ასე მარტივად არ არის“.

შეგახსენებთ, მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში შეძლებს მოლაპარაკებას რუსეთსა და ჩინეთთან. ტრამპმა ასევე არაერთხელ განაცხადა, რომ იცის, როგორ დაასრულოს ომი უკრაინაში.