ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-ში ვიზიტისას წარადგენს გეგმას, რომელიც უკრაინას გამარჯვებასთან დააახლოებს
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-ში ვიზიტისას წარადგენს გეგმას, რომელიც უკრაინას გამარჯვებასთან დააახლოებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აშშ-ში ვიზიტისას ის წარადგენს გეგმას, რომელიც უკრაინას გამარჯვებასთან დააახლოებს.
როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, უკრაინული მხარე ემზადება აშშ-ში მოლაპარაკებებისთვის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან და პრეზიდენტობის ორივე კანდიდატთან – კამალა ჰარისთან და დონალდ ტრამპთან.

„აქტიურად ვემზადებით ამერიკაში მოლაპარაკებებისთვის – ეს არის პრეზიდენტი ბაიდენი, კონგრესის ორივე პარტიის წარმომადგენლები, ვიმედოვნებთ შეხვედრებს შეერთებული შტატების პრეზიდენტობის ორივე კანდიდატთან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ში ის წარადგენს კონკრეტულ სამოქმედო გეგმას, რომელიც „უკრაინას დააახლოებს გამარჯვებასთან და სამართლიან მშვიდობასთან“. ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა აშშ-ს მხარდაჭერისთვის.

„უკრაინას ამ მხარდაჭერის იმედი აქვს და ეს სამართლიანია, რადგანაც როდესაც ერთი ხალხი იგებს ბრძოლას თავისი დამოუკიდებლობისა და საერთაშორისო სამართლის დაცვისთვის, მთელი მსოფლიო მოგებულია. სწორედ ასე უნდა იყოს“, – თქვა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, 18 სექტემბერს ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის გამარჯვების გეგმა ხელისუფლებას უკვე სრულად აქვს მომზადებული.