ვოლკერი - პოლიციის რეფორმას აფინანსებდა ბატონი ივანიშვილი, რომელსაც დღეს აკრიტიკებენ, რომ ხელისუფლებას კულუარებიდან მართავს
მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში საქართველოს პოლიციაში გატარებული წარმატებული რეფორმა ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა, – ეს განცხადება აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში კურტ ვოლკერმა, თბილისში გამართულ ჯონ მაკკეინის სახელობის საერთაშორისო ფორუმზე გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, არსებობენ განსხვავებული ოლიგარქები, რომელთა მიმართ მიდგომაც განსხვავებული უნდა იყოს.
„უკრაინის შემთხვევაში, როდესაც მას რუსეთი დაესხა თავს, არსებობდა რამდენიმე ძალიან მდიდარი ადამიანი, რომლებმაც დააფინანსეს სამხედროები. ეს მნიშვნელოვანი იყო რუსეთის წინსვლის შესაჩერებლად. ეს ფაქტობრივად იყო სახელმწიფოს გადარჩენა. მაიდანის დროს, უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი იყო ქუჩაში, ხალხთან ერთად. საქართველოს შემთხვევაში კარგი მაგალითი არის პოლიციის რეფორმა.
მახსოვს, პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობის დროს, პოლიციიდან ბევრი დაითხოვეს და მიიღეს ახალი კადრები, რომლებსაც დაუნიშნეს მაღალი ხელფასები და გადასცეს უახლესი აღჭურვილობა. ეს რეფორმა დაფინანსებული იყო ბატონი ივანიშვილის მიერ, რომელსაც დღეს ხშირად აკრიტიკებენ, იმისთვის, რომ სწორედ ის დგას ხელისუფლების უკან და კულუარებიდან მართავს მას“, – განაცხადა კურტ ვოლკერმა.
კურტ ვოლკერის თქმით, იმ შემთხვევაში თუ მდიდარი ადამიანები მონაწილეობენ კორუფციულ გარიგებებში, აუცილებელია მათი გასამართლება, თუმცა თუ საქმე გვაქვს უბრალოდ მდიდარ ადამიანებთან, რომლებსაც განსაკუთრებული გავლენა აქვთ სახელმწიფოში, შესაძლოა, გამოსავალი არ იყოს გასამართლება.
„როდესაც არსებობენ ძალიან მდიდარი ადამიანები, განსაკუთრებული გავლენით, შესაძლოა, გამოსავალი იყოს მათი ბიზნეს იმპერიის დანგრევა ანუ ე.წ. ანტი მონოპოლიური კანონმდებლობის მიღება, რათა იყოს კონკურენცია, როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად. ამას შეუძლია შექმნას უფრო მეტად მდგრადი სათამაშო მოედანი პოლიტიკისთვის“, – განაცხადა კურტ ვოლკერმა.