ვლადისლავ სურკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
ვლადისლავ სურკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი ოკუპირებულ აფხაზეთს სტუმრობს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას შეხვდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სამუშაო შეხვედრის დროს რაულ ხაჯიმბამ და ვლადისლავ სურკოვმა 2017-2019 წლებში ოკუპირებულ აფხაზეთში განხორციელებული საინვესტიციო პროგრამების რეალიზაციის საკითხი განიხილეს, ასევე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, კერძოდ, 2020-2022 წლებში დაგეგმილ საინვესტიციო პროგრამაზე.

შეხვედრის დროს რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ რუსეთის ფინანსური დახმარების წყალობით რიგი პროგრამების რეალიზება მოხერხდა, რომელთა დიდი ნაწილი უახლოეს თვეებში დასრულდება; მათ შორის არის სკოლები და საბავშვო ბაღები.

თავის მხრივ, ვლადისლავ სურკოვმა აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მთავრობებს შორის თანამშრომლობამ სასურველი შედეგი გამოიღო.