ვლადიმირ ზელენსკიმ სერგეი ლავროვის მიერ რუსეთში მის მიწვევას ცინიზმი უწოდა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ცინიზმი უწოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ მოსკოვში ან რუსეთის სხვა ქალაქში მის მიწვევას. ამის შესახებ უკრაინელმა ლიდერმა უცხოური მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
საუბრისას ზელენსკიმ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მოსკოვმა ამ შეხვედრაზე დონბასზე საუბარზე უარი თქვა.
„რატომ ასეთი გზავნილი? და ის ამბობს – „დონბასის საკითხზე საუბარი არ შეიძლება, ეს „შიდა საკითხია“. რატომ მიიწვიე ადამიანი ისეთ ფორმატში, რომელსაც არ დათანხმდება. რატომ ვსაუბრობთ ამაზე? კაცი ხარ, ზრდასრული ადამიანი. დიდი გამოცდილებით. არაფერი გაქვს გასაკეთებელი? რატომ მთავაზობ ისეთ რამეს, რაც არანაირ შედეგს არ მოიტანს. ეს ნიშნავს, რომ არ აინტერესებთ საზღვარზე ადამიანი დაიღუპა, თუ არა. ეს სულელური ცინიზმია. როგორ არ ვილაპარაკო დონბასზე? დონბასზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს, ხოლო უკრაინის პრეზიდენტი არა?“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მან აქვე აღნიშნა, რომ რაიმე ფორმატით რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრის არ ეშინია.
„მზად ვარ. რატომ მეპატიჟები სოჭში? რომ მე, თხილამურებით ვისრიალო? მაშინ მოდით, შევხვდეთ ოდესაში, ზღვაში ვიცურაოთ. ადამიანებს სიცოცხლის ფასი არ ესმით. სერიოზულ დიალოგებზე მაქვს საუბარი. ჩვენ ნამდვილად გვაქვს ბევრი გამოწვევა, ბევრი კითხვა. ცხოვრება მიდის, ახალი თაობები მოდიან. ჩვენ საუბარი გვჭირდება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დღეს განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე საუბარი თუ სურს, რუსეთის მთავრობა მზად არის, მას სოჭში, პეტერბურგში ან მოსკოვში უმასპინძლოს.