სერგეი ლავროვი - ეს თუ დამოკიდებულია რუსეთზე, მაშინ ომი არ იქნება, ომები არ გვინდა, მაგრამ ასევე, არ დავუშვებთ ჩვენი ინტერესების ფეხქვეშ გათელვას
სერგეი ლავროვი - ეს თუ დამოკიდებულია რუსეთზე, მაშინ ომი არ იქნება, ომები არ გვინდა, მაგრამ ასევე, არ დავუშვებთ ჩვენი ინტერესების ფეხქვეშ გათელვას

ეს თუ დამოკიდებულია რუსეთზე, მაშინ ომი არ იქნება; ჩვენ ომები არ გვინდა, მაგრამ ასევე, არ დავუშვებთ ჩვენი ინტერესების ფეხქვეშ გათელვას და მათი იგნორირების უფლებასაც არავის მივცემთ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომელიც ჟურნალისტებთან შეხვედრას მართავს.

სერგეი ლავროვმა ამერიკის შეერთებული შტატებისგან და ნატო-სგან მიღებულ წერილობით პასუხზეც გააკეთა კომენტარი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან მიღებულ წერილში რამდენიმე კონსტრუქციული ნაწილი იყო, თუმცა ძირითადად, მეორეხარისხოვან საკითხებზე.

„ნატო-სგან პასუხი იმდენად იდეოლოგიზირებული იყო, იმდენად გამოხატავდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გამორჩეულობას, მის განსაკუთრებულ მისიებს, რომ ცოტა შემრცხვა იმ ადამიანების ნაცვლად, ვინც ეს ტექსტები დაწერა“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ამასთან, ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი აშშ-ისა და ნატო-სგან წერილების მიღების შემდეგაც არ იცვლის საკუთარ პოზიციებს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით.

სერგეი ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე საუბარი თუ სურს, რუსეთის მთავრობა მზად არის, მას სოჭში, პეტერბურგში ან მოსკოვში უმასპინძლოს.

„უკრაინის პრეზიდენტის მიზანი თუ დიალოგი და ურთიერთობების ნორმალიზაციაა, მოსკოვი მზად არის, ის მიიღოს. დაე, ჩამოვიდეს მოსკოვში, სოჭში ან პეტერბურგში, სადაც შევთანხმდებით“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.