ვლადიმირ ზელენსკი - უკრაინა მზად არის აშშ-სთან უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის ახალი ფორმებისთვის
უკრაინა მზად არის აშშ-სთან უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის ახალი ფორმების განვითარებისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა კიევში, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ვლადიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის სუვერენიტეტის დაცვის კუთხით, აშშ იყო, არის და იქნება მთავარი მოკავშირე. უკრაინის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ უფრო აქტიურად ჩაერთვება აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისა და ყირიმის დეოკუპაციის პროცესში.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებულ ვითარებას, აშშ-სა და უკრაინას შორის ურთიერთობები არ გაუუარესებია.
უკრაინის პრეზიდენტი ეკონომიკურ საკითხებსაც შეეხო და განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია მოხსნას უკრაინის ფოლადის იმპორტზე არსებული 25-პროცენტიანი გადასახადები, რაც უკრაინის მეტალურგიული ექსპორტისთვის მგრძნობიარე საკითხია.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა შეხვედრა გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვადიმ პრისტაიკოსთანაც. შეხვედრაზე მაიკ პომპეომ აღნიშნა, რომ აშშ დაეხმარება უკრაინას რუსეთის აგრესიის შეჩერებასა და ქვეყნის სუვერენიტეტის აღდგენაში.
მაიკ პომპეომ უკრაინის კონფლიქტში დაღუპული ადამიანების მემორიალი ყვავილებით შეამკო.