ვლადიმირ ზელენსკი - უკრაინა დადებითად აფასებს ნატო-ს სამიტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ქვეყანა გახდება ალიანსის წევრი, ხოლო წევრობის სამოქმედო გეგმა ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია
ვლადიმირ ზელენსკი - უკრაინა დადებითად აფასებს ნატო-ს სამიტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ქვეყანა გახდება ალიანსის წევრი, ხოლო წევრობის სამოქმედო გეგმა ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია

უკრაინა დადებითად აფასებს ნატო-ს სამიტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ქვეყანა გახდება ნატო-ს წევრი, ხოლო წევრობის სამოქმედო გეგმა ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია, ამასთან, სამიტის გადაწყვეტილებაში არ არის კონკრეტული ვადები, რომელთა იმედიც უკრაინულ მხარეს ჰქონდა, – ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის განცხადებაში, რომელსაც მისი პრესსამსახური ავრცელებს.

„ჩვენ ნატო-ს წევრების მადლობელი ვართ ასეთი აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილებისთვის, რომელმაც სრულად დაადასტურა 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება. ამასთან, ამჟამინდელი სამიტის გადაწყვეტილებაში არ არის ნატო-სთან ჩვენი დაახლოების მომდევნო ნაბიჯების კონკრეტული ვადები, რომელთა იმედიც ჩვენ გვქონდა“, – ნათქვამია ზელენსკის განცხადებაში.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინა გააგრძელებს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში რეფორმების კურსს, რათა ნატო-ს წევრებთან თავსებადობის სტანდარტებს უფრო მეტად შეესაბამებოდეს.

ამასთან, ზელენსკი მიიჩნევს, რომ აღმოსავლეთით რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რა დროსაც, სამწუხაროდ კვლავ იღუპებიან უკრაინელი მებრძოლები, მთელი ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში უკრაინის ფასდაუდებელ წვლილს წარმოადგენს.

ვლადიმირ ზელენსკი გეგმავს, რომ უკრაინის ევროატლანტიკური მისწრაფებების დეტალური განხილვა მომავალში ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებთან ორმხრივ მოლაპარაკებებზე გააგრძელოს, მათ შორის ჯო ბაიდენთან აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტის დროს.

„გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში უკრაინის როლი შესაბამისად უნდა შეფასდეს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ.