ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დონბასში მშვიდობისმყოფელების საკითხს სიფრთხილით ეკიდება, რადგან აფხაზეთისა და დნესტრისპირეთის სცენარის გამეორება არ სურს
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დონბასში მშვიდობისმყოფელების განთავსების საკითხს სიფრთხილით ეკიდება, რადგან იქ აფხაზეთისა და დნესტრისპირეთის სცენარის გამეორება არ სურს. ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა კიევში მიმდინარე „იალტის ევროპული სტრატეგიის“ ფორუმზე განაცხადა.
ზელენსკის თქმით, ის თანახმაა, რომ მშვიდობისმყოფელები რუსეთ-უკრაინის საზღვარზე განთავსდნენ.
„მე სიფრთხილით ვეკიდები დონბასში მშვიდობისმყოფელების განთავსების თემას. ვიცი, რომ წინა ხელისუფლება ამ საკითხს განიხილავდა. არ მინდა, დონბასში აფხაზეთისა და დნესტრიპირეთის სცენარი განმეორდეს, რომ მშვიდობისმყოფელები გამყოფ ხაზთან დადგნენ და იქიდან არსად წავიდნენ. ამიტომ ამ თემას სიფრთხილით ვეკიდები. ამიტომ, მე არ ვაყენებ მშვიდობისმყოფელების საკითხს. აქ იმყოფება ლეონიდ კუჩმაც, მინსკის პროცესში ისინი ასევე არ აყენებენ ამ თემას. თუმცა მე თანახმა ვარ, თუ მშვიდობისმყოფელები რუსეთთან საზღვარზე იქნებიან. სწორედ იქ, ჩვენ მათ ვეპატიჟებით“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა კონფერენციაზე საუბრისას საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, სანქციები – ეს უკრაინის ტერიტორიების დაბრუნების მთავარი გზაა.
„ისინი, ვინც სიმამაცით იცავენ უკრაინას, უნდა დაბრუნდნენ გამარჯვებულები. ჩვენ უნდა დავასრულოთ ომი და დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები. თუმცა არაერთხელ მითქვამს, რომ ამისთვის ერთადერთი გზა დიპლომატიაა. მისი ძლიერი და ქმედითი იარაღი სწორედ სანქციებია. თქვენ კარგავთ ფულს? სერიოზულად? ბოდიში, მაგრამ ჩვენ ადამიანებს ვკარგავთ. ცივილიზებულ მსოფლიოში გადასახადების გადახდა ნორმალურია. კერძოდ, წესრიგის უზრუნველსაყოფად. სანქციები – ეს ფაქტობრივად იგივე გადასახადებია, რომლებიც აუცილებელია მსოფლიო წესრიგისთვის. ეს არის გადასახადი მშვიდობისთვის. ვიდრე მშვიდობა არ აღდგება, სანქციები უნდა შენარჩუნდეს“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.