ვლადიმერ პუტინი „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტზე დასასწრებად ყაზახეთში ჩავიდა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტზე დასასწრებად ყაზახეთში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსეთის პრეზიდენტი ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ჩავიდა „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრი სახელმწიფოების მეთაურთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად“, – აღნიშნულია კრემლის განცხადებაში.
დღეს პუტინს დაგეგმილი აქვს მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან, თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან, ყასიმ-ჟომართ თოყაევთან და ილჰამ ალიევთან. კრემლის ინფორმაციით, სამიტის შემდეგ ისინი აპირებენ, ხელი მოაწერონ 24 ერთობლივ დოკუმენტს, ასევე დეკლარაციას და განცხადებას კეთილმეზობლობის, ერთიანობის პრინციპებისადმი ერთგულების შესახებ.
როგორც რუსული მედია წერს, სამიტის დასრულების შემდეგ ვლადიმერ პუტინი ჟურნალისტებთან კომენტარს გააკეთებს.