ვლადიმერ პუტინი - რუსეთს ტრამპის წინააღმდეგ კომპრომატები არ აქვს
ვლადიმერ პუტინი - რუსეთს ტრამპის წინააღმდეგ კომპრომატები არ აქვს

ამერიკული ტელეკომპანია Fox News-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს დონალდ ტრამპის წინააღმდეგ კომპრომატი არ გააჩნია. მან 2013 წელს მოსკოვში ტრამპის ვიზიტი გაიხსენა და განმარტა, რომ მაშინ მან არ იცოდა, რას წარმოადგენდა ტრამპი და შესაბამისად, მაშინ ერთმანეთს არ შეხვედრიან.

„არ მინდა იფიქროთ, რომ შეურაცხყოფას ვაყენებ პრეზიდენტ ტრამპს, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, ვიდრე ის 2016 წლის არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას წამოაყენებდა, მე მის მიმართ არავითარი ინტერესი არ მქონია“, – განაცხადა პუტინმა.

ინტერვიუს დროს ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევა კიდევ ერთხელ უარყო. მას ამერიკელმა ჟურნალისტმა კრის უოლასმა აშშ-ის პროკურატურის მიერ რუსეთის სადაზვერვო სამმართველოს 12 ოფიცრის მიმართ წარდგენილი საბრალდებო ფურცელი გადასცა.

„რუსეთი არასოდეს ჩარეულა აშშ-ის საშინაო საქმეებში, მითუმეტეს არჩევნებში“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მისი თქმით, აშშ-ის არჩევნებში ჩარევა რუსეთის ინტერესებში არ შედიოდა, თუმცა შეერთებული შტატების იურიდიულმა დეპარტამენტმა რუსეთის არაერთ მოქალაქესა და სამ რუსულ კომპანიას არჩევნებში ჩარევის გამო ბრალი უკვე წაუყენა.

პუტინმა არ დამალა, რომ მის ინტერესში შედიოდა ტრამპის პრეზიდენტობა. მან განმარტა, რომ „ტრამპს რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობების ნორმალიზება სურს.“

რუსეთის პრეზიდენტი აღმოსავლეთ ევროპაში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გაფართოების საკითხსაც შეეხო.

„ჩვენთვის ეს არის პირდაპირი მუქარა, პირდაპირი საფრთხე რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის. შესაბამისად, ჩვენი რეაგირება ნატოს გაფართოებაზე მწვავე იქნება”, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა Fox News-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ყირიმის ანექსიის შესახებ დასმულ შეკითხვაზე, ვლადიმერ პუტინმა ამერიკელ ჟურნალისტს უპასუხა, რომ ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში შესვლა ადგილობრივი მოსახლეობის არჩევანი იყო.

რუსეთის ფედერაციამ ყირიმის ანექსია 2014 წლის მარტში განახორციელა, რასაც დასავლეთის მხრიდან სანქციები მოჰყვა.

ინტერვიუს დროს Fox News-ის ჟურნალისტი პუტინთან საუბრის დროს ჩრდილოეთ კორეისა და სირიის კრიზისსაც შეეხო. სირიაში რუსეთის ინტერვენცია ვლადიმერ პუტინმა ტერორიზმთან ბრძოლის მისიით გაამართლა. თუმცა სირიის ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით საერთაშორისო ორგანიზაციები 2015 წლიდან დღემდე რუსეთის ინტერვენციაზე საპირისპიროს ამტკიცებენ.