ვლადიმერ პუტინი - რუსეთი არ აპირებს ევროპაზე თავდასხმას, თუმცა ევროპელები მზად არ არიან ომისთვის, მათ დაავიწყდათ, რა არის ომი და განსაცდელი, რასაც უკრაინაში გავდივართ, მულტფილმი ჰგონიათ
ვლადიმერ პუტინი - რუსეთი არ აპირებს ევროპაზე თავდასხმას, თუმცა ევროპელები მზად არ არიან ომისთვის, მათ დაავიწყდათ, რა არის ომი და განსაცდელი, რასაც უკრაინაში გავდივართ, მულტფილმი ჰგონიათ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთის სტრატეგიული ძალები გარანტირებული გამოყენებისთვის სრულ მზადყოფნაშია. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ფედერაციული საბჭოსადმი ყოველწლიურ მიმართვაში განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინაში ომი დასავლეთმა წამოიწყო, ხოლო რუსეთი მას დაასრულებს. პუტინის თქმით, რუსეთის არმია უკრაინაში ბრძოლის ველზე უპირატესობას ფლობს და უტევს. ამასთან, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი არ აპირებს ევროპაზე თავდასხმას, თუმცა ევროპელები მზად არ არიან ომისთვის.

„ახლა ამბობენ, რომ რუსეთი აპირებს, თავს დაესხას ევროპას. ეს სრული ბოდვაა. ამასთან ერთად, ისინი თავად ირჩევენ სამიზნეებს, რომლებზეც დარტყმა სურთ რუსეთის ტერიტორიაზე. ასევე, ირჩევენ განადგურების ყველაზე ეფექტურ საშუალებებს. ასევე, ალაპარაკდნენ უკრაინაში ნატო-ს კონტინგენტის გაგზავნაზე. ჩვენ გვახსოვს იმათი ბედი, ვინც ოდესღაც აგზავნიდა საკუთარ სამხედროებს რუსეთში. ახლა შესაძლო ინტერვენტებისთვის შედგები გაცილებით უფრო ტრაგიკული იქნება. მათ უნდა ესმოდეთ, რომ ჩვენც გვაქვს შეიარაღება, რომლითაც შესაძლებელია სამიზნეების განადგურება მათ ტერიტორიაზე. მათ არ გაუვლიათ მძიმე განსაცდელი და დაავიწყდათ, რა არის ომი. ჩვენ, დღევანდელმა თაობამაც კი ასეთი განსაცდელი გამოვიარეთ, როდესაც ჩრდილოეთ კავკასიაში ვებრძოდით ტერორიზმს და ახლა უკრაინაში კონფლიქტის დროსაც გავდივართ ამ განსაცდელს. მათ კი ეს მულტფილები ჰგონიათ“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა დაუსაბუთებელი უწოდა დასაველთში გაჟღერებულ ბრალდებას, რომ რუსეთი კოსმოსში ბირთვული იარაღის განლაგებას აპირებს.

„ასეთი განცხადებები მიზნად ისახავს რუსეთის ჩათრევას ისეთი მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც მათი პირობებით წარიმართება და მხოლოდ აშშ-ისთვის არის სარგებლის მომტანი. ამასთან, ისინი ბლოკავენ ჩვენს წინადადებებს, რომლებიც მაგიდაზე, 15 წელია, უდევთ. ვგულისხმობ კოსმოსში ბირთვული შეიარაღების განუთავსებლობის შესახებ შეთანხმების პროექტს, რომელიც 2008 წელს მოვამზადეთ და რეაქცია ამ დრომდე არ ყოფილა. ამიტომ ჩვენ გვაქვს ყველა საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ დღეს გაჟღერებული სიტყვები, თითქოს მათ სურთ, ჩვენთან გამართონ მოლაპარაკებები სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ, დემაგოგიას წარმოადგენს. ეს არის მცდელობა, რომ აშშ-ში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ საკუთარ მოქალაქეებს და ყველა დანარჩენებსაც აჩვენონ, რომ აშშ კვლავაც მართავს მსოფლიოს, ვითომდა მათ შეუძლიათ, რუსეთთან მოლაპარაკება გამართონ მხოლოდ იმ საკითხებზე, რომლებიც აშშ-ისთვის სარგებლის მომტანია, ხოლო იმ საკითხებზე, რომლებიც მათთვის უსარგებლოა, საერთოდ არაფერია სალაპარაკო. ამ შემთხვევაში ისინი ჩვენს დამარცხებას ეცდებიან. ასე არ გამოვა. ჩვენი პოზიციაა, რომ თუ გსურთ მთელი პლანეტისთვის მნიშვნელოვანი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხების განხილვა, მაშინ ეს უნდა მოხდეს ერთიან კომპლექსად, რაც, ცხადია, მოიცავს იმ საკითხებსაც, რომლებიც რუსეთის ეროვნულ ინტერესებს ეხება და მოქმედებს ჩვენს უსაფრთხოებაზე“, – განაცხადა პუტინმა.

ამავე კონტექსტში რუსეთის პრეზიდენტმა აშშ და მისი მოკავშირეები დაადანაშაულა ევროპული უსაფრთხოების არსებული სისტემის დემონტაჟში და განაცხადა, რომ აუცილებელია ახალი „ევრაზიული უსაფრთხოების სისტემის“ ფორმირება. პუტინის თქმით, რუსეთი მზადაა ყველა მხარესთან მოლაპარაკებებისთვის, თუმცა, მისივე განცხადებით, სუვერენული და ძლიერი რუსეთის გარეშე ეს შეუძლებელია.