ვლადიმერ პუტინი - პოზიტიურად ვაფასებთ ჩინეთის მიდგომას უკრაინის კრიზისის მოგვარების მიმართ, პეკინში ნამდვილად ესმით კრიზისის ძირითადი მიზეზები
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მხარს უჭერს ჩინეთის მიერ შეთავაზებულ უკრაინის სამშვიდობო გეგმას და ამბობს, რომ პეკინს ესმის, თუ რა დგას კონფლიქტის უკან, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
პუტინმა პეკინში ვიზიტის წინ ჩინეთის საინფორმაციო სააგენტო Xinhua-სთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთი ღიაა დიალოგისა და მოლაპარაკებებისთვის.
„ჩვენ პოზიტიურად ვაფასებთ ჩინეთის მიდგომას უკრაინის კრიზისის მოგვარების მიმართ. პეკინში ნამდვილად ესმით მისი ძირითადი მიზეზები და გლობალური გეოპოლიტიკური მნიშვნელობა“, – განაცხადა პუტინმა.
როგორც „როიტერი“ წერს, ჩინეთმა დაახლოებით ერთი წლის წინ წარმოადგინა 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ასახავდა ომის დასრულების ზოგად პრინციპებს, თუმცა კონკრეტული დეტალების გარეშე.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ვიზიტით 16-17 მაისს ჩავა. პუტინისთვის ეს პირველი უცხოური ვიზიტი გახდება პრეზიდენტად მორიგი ექვსწლიანი ვადით არჩევის შემდეგ. კრემლის ცნობით, პუტინი ჩინეთში პრეზიდენტ სი ძინპინის მიწვევით ჩადის.