ვლადიმერ პუტინი – პოზიტიურად ვაფასებთ ჩინეთის მიდგომას უკრაინის კრიზისის მოგვარების მიმართ, პეკინში ნამდვილად ესმით კრიზისის ძირითადი მიზეზები

09:16, 15.05.2024

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მხარს უჭერს ჩინეთის მიერ შეთავაზებულ უკრაინის სამშვიდობო გეგმას და ამბობს, რომ პეკინს ესმის, თუ რა დგას კონფლიქტის უკან, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

პუტინმა პეკინში ვიზიტის წინ ჩინეთის საინფორმაციო სააგენტო Xinhua-სთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთი ღიაა დიალოგისა და მოლაპარაკებებისთვის.

„ჩვენ პოზიტიურად ვაფასებთ ჩინეთის მიდგომას უკრაინის კრიზისის მოგვარების მიმართ. პეკინში ნამდვილად ესმით მისი ძირითადი მიზეზები და გლობალური გეოპოლიტიკური მნიშვნელობა“, – განაცხადა პუტინმა.

როგორც „როიტერი“ წერს, ჩინეთმა დაახლოებით ერთი წლის წინ წარმოადგინა 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ასახავდა ომის დასრულების ზოგად პრინციპებს, თუმცა კონკრეტული დეტალების გარეშე.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ვიზიტით 16-17 მაისს ჩავა. პუტინისთვის ეს პირველი უცხოური ვიზიტი გახდება პრეზიდენტად მორიგი ექვსწლიანი ვადით არჩევის შემდეგ. კრემლის ცნობით, პუტინი ჩინეთში პრეზიდენტ სი ძინპინის მიწვევით ჩადის.

მსგავსი