ვლადიმერ პუტინი - მადლობელი ვართ ჩინეთის ძალისხმევისთვის უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად, აზიაში დახურული ალიანსებისთვის ადგილი არ არის
მადლობელი ვართ ჩინეთის ძალისხმევისთვის უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად, აზიაში დახურული ალიანსებისთვის ადგილი არ არის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენთან, სი ძინპინთან შეხვედრისას განაცხადა.
პუტინმა აღნიშნა, რომ ლოგიკურია პრეზიდენტის პოსტის ხელახლა დაკავების შემდეგ პირველი საგარეო ვიზიტით ჩინეთში ჩასვლა.
პრესკონფერენციის დაწყებისას ვლადიმერ პუტინმა ჩინელ კოლეგას თბილი და მეგობრული მიღებისთვის მადლობა გადაუხადა. მანვე აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ლიდერს შორის გამართული საუბრები პრაგმატული იყო. პუტინის თქმით, ჩინეთთან პარტნიორობა არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მუშაობდეს ურთიერთობები. როგორც პუტინი აცხადებს, ის მუდმივ კონტაქტზეა სი ძინპინთან.
რუსეთის პრეზიდენტმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთმა ჩინეთში სურსათის ექსპორტი გაზარდა. პუტინის თქმით, რუსეთის პრიორიტეტები ვაჭრობა და ინვესტიციები იყო. რუსეთის პრეზიდენტმა, ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი და ჩინეთი მშვიდობიან ბირთვულ თანამშრომლობას აღრმავებენ, თუმცა ამ თემასთან დაკავშირებით მეტ დეტალზე არ ისაუბრა. მისივე თქმით, იყო „კონკრეტული გეგმები ენერგეტიკული თანამშრომლობის გასაღრმავებლად“ და დასძინა, რომ ენერგეტიკა რუსეთის ერთ-ერთი პრიორიტეტია. პუტინმა ასევე ისაუბრა ჩინურ მანქანათმწარმოებელ კომპანიებზე, იგი მიესალმება მათ რუსულ ბაზარზე ყოფნას.
ვაჭრობის და ეკონომიკის გარდა, პუტინმა ისაუბრა საგარეო პოლიტიკაზეც. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩინეთს და რუსეთს გლობალური და რეგიონული საკითხების მიმართ ერთნაირი მიდგომები აქვთ. „ჩვენ, ორივე ვატარებთ დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას. ჩვენი ქვეყნები გლობალური ინსტიტუტების დეპოლიტიზებისკენ მოუწოდებენ“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მან და სი ძინპინმა უკრაინაზეც ისაუბრეს. „აზიაში დახურული ალიანსებისთვის ადგილი არ არის“, – თქვა პუტინმა. მან მადლობა გადაუხადა ჩინეთს უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების გამო.
„ჩვენ მადლობელი ვართ ჩინეთის ძალისხმევისთვის უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად“, – განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ ორივე მხარეს სურს „კრიზისის პოლიტიკური მოგვარება“.