ვლადიმერ პუტინი არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვევა, სადაც საუბრის მთავარი თემა თურქეთის ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის ჰაბის შექმნა იქნება
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში ოფიციალური ვიზიტით ეწვევა თურქეთს, სადაც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან საუბრის მთავარი თემა გაზი იქნება. ამის შესახებ განცხადება პუტინმა მოსკოვში, რუსეთ-აფრიკის სამიტზე გააკეთა.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ შევხდებოდით, დიახ, ან ის ჩამოვა ჩვენთან, ან მე გავემგზავრები მასთან. ვნახოთ. მან ჯერ კიდევ თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დამპატიჟა, მაგრამ შემდეგ შევთანხმდით, რომ გადაგვედო, რათა ამ თემით სპეკულირება არ მომხდარიყო“, – განაცხადა პუტინმა.
ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ საუბრის მთავარი თემა თურქეთის ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის ჰაბის შექმნა იქნება.
პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროექტი გულისხმობს არა დიდი მოცულობის გაზის შენახვას, არამედ ელექტრონული სავაჭრო პლატფორმის შექმნას. პუტინის თქმით, თურქეთის, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლი იზრდება.