ვლადიმერ პუტინი - ანგელა მერკელთან შეხვედრაზე აუცილებლად განვიხილავთ ჰუმანიტარული კატასტროფის საკითხს
ანგელა მერკელთან შეხვედრაზე აუცილებლად განვიხილავთ ჰუმანიტარული კატასტროფის საკითხს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გერმანიის კანცლერთან შეხვედრის წინ განაცხადა.
„რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიასთან ურთიერთობა, რომელიც სავაჭრო ურთიერთობაში ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორია. გერმანიის ინვესტიცია რუსეთში 18 მილიარდ დოლარს შეადგენს. ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთი უმთავრესი კი ენერგეტიკის სფეროა. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ეკონომიკური პროექტია და არა პოლიტიკური, რომელსაც უკრაინა ეწინააღმდეგება. მე ვიცი ქალბატონი კანცლერის მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით. ის მიესალმება ამ პროექტის განხორციელებას. რაც შეეხება საერთაშორისო პოლიტიკას, ჩვენ ვისაუბრებთ ირანის ბირთვულ პროგრამაზე, რომლის ხელმომწერ ქვეყნებს შორის გერმანია და რუსეთი არიან.
ჩვენ, როგორც კანცლერმა აღნიშნა, აუცილებლად განვიხილავთ ჰუმანიტარული კატასტროფის საკითხს; მიგრაციის კრიზისს, რომელიც მართლაც უდიდეს ტვირთად დააწვა ევროპას. ამიტომაც, ევროპისა და რუსეთის ინტერესები ემთხვევა და ჩვენ გვსურს რომ დასრულდეს კონფლიქტი სირიაში, ლტოლვილები კი სახლებში დაბრუნდნენ. რაც შეეხება უკრაინას, შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ მინსკის შეთანხმება უნდა შესრულდეს“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს გერმანიაში, მეზებერგის სასახლეში ხვდება.