ანგელა მერკელი გერმანიაში ვლადიმერ პუტინს ხვდება
ანგელა მერკელი გერმანიაში ვლადიმერ პუტინს ხვდება

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს გერმანიაში, მეზებერგის სასახლეში ხვდება.

ორ ლიდერს შორის საუბრის მთავარი თემა უკრაინის კრიზისი, სირიის კონფლიქტი და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ იქნება. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ 9,5-მილიარდიანი პროექტია, რომელიც რუსეთიდან გერმანიისთვის მაგისტრალური გაზსადენის საშუალებით გაზის მიწოდებას ბალტიის ზღვის გავლით ითვალისწინებს.

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის ნებართვა უკვე გაცემული აქვთ გერმანიას, შვედეთს და ფინეთს. პროექტს ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, უკრაინა და პოლონეთი ეწინააღმდეგებიან. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მოწინააღმდეგეებს შორისაა ამერიკის შეერთებული შტატებიც. ასევე თანხმობისგან თავს იკავებს დანიის მთავრობა. თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, პროექტის განხორციელება შესაძლოა, დანიის ნებართვის გარეშეც დაიწყოს.

გერმანიის კანცლერის პრესსამსახური აცხადებს, რომ შეხვედრის შემდეგ ანგელა მერკელი და ვლადიმერ პუტინი პრესკონფერენციას არ გამართავენ. ფორმატი მედიისთვის მხოლოდ მოკლე განცხადებას ითვალისწინებს. შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ეს მხოლოდ სამუშაო აუდიენციაა და იმედი არ აქვს, რომ ვლადიმერ პუტინთან სირიის ან უკრაინის საკითხზე კონსენსუსს მიაღწევს.