ვლადიმერ პუტინი - ამერიკელები უკრაინისთვის ან უკრაინელი ხალხისთვის კი არ იბრძვიან, არამედ საკუთარი დიდებისთვის და მსოფლიოში ლიდერობის შენარჩუნებისთვის
ვლადიმერ პუტინი - ამერიკელები უკრაინისთვის ან უკრაინელი ხალხისთვის კი არ იბრძვიან, არამედ საკუთარი დიდებისთვის და მსოფლიოში ლიდერობის შენარჩუნებისთვის

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს რუსეთისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ექნება, – ამის შესახებ პუტინმა სანკტ-პეტერბურგში უცხოური მედიასაშუალებების ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, შეერთებული შტატების ამჟამინდელი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ძველი სკოლის პოლიტიკოსია და როდესაც რუსეთის პრეზიდენტის ქმედებები არ მოეწონა, მასზე თავდასხმებიც დაიწყო.

„ვფიქრობდი, ასეც იქნებოდა. რაც იმას ნიშნავს, რომ მართალი ვარ, ის პროგნოზირებადია“, – თქვა პუტინმა.

რაც შეეხება პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპს, პუტინი ამბობს, რომ იგივე ეხება მასაც, რადგან რუსეთის წინააღმდეგ გარკვეული სახის მასობრივი სანქციების დაწესება დაიწყო, საშუალო და მცირე რადიუსის ბირთვული შეიარაღების ხელშეკრულებიდანაც გავიდა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ტრამპის დადანაშაულება სისულელეა, რაც დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის შიდაპოლიტიკური ბრძოლის ელემენტს წარმოადგენს.

„ვერ ვიტყოდი, რომ შეერთებულ შტატებში არჩევნების შემდეგ რუსეთის მიმართულებით რამე შეიცვლება. ასე არ ვფიქრობთ, არსებითად სერიოზული არაფერი მოხდება“, – განაცხადა პუტინმა.

რაც შეეხება უკრაინას, რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ აშშ-ში საკითხი არავის აინტერესებს.

„ისინი ამერიკის დიდებით არიან დაინტერესებული, ისინი არ იბრძვიან უკრაინისთვის ან უკრაინელი ხალხისთვის, არამედ საკუთარი დიდებისთვის და მსოფლიოში ლიდერობის შენარჩუნებისთვის. არ სურთ, რუსეთს საშუალება მისცენ, რაიმე წარმატება მიაღწიოს, რადგან ფიქრობენ, რომ ეს დააზიანებს მათ ლიდერობას. ამაშია მთელი აზრი იმის, რასაც აშშ აკეთებს“, – განაცხადა პუტინმა.