ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ „თალიბანის“ მთავრობასთან მუშაობა საჭიროა
ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ „თალიბანის“ მთავრობასთან მუშაობა საჭიროა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ „თალიბანის“ მთავრობასთან მუშაობა საჭიროა. ამის შესახებ მან შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციისა და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის ლიდერების ერთობლივ სხდომაზე ონლაინრეჟიმში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

რუსული მედიის ცნობით, პუტინმა თქვა, რომ ავღანეთში „თალიბანის“ მიერ ჩამოყალიბებული მთავრობა არ არის წარმომადგენლობითი და ინკლუზიური, თუმცა მასთან მუშაობა საჭიროა.

„მას შემდეგ, რაც თალიბების მოძრაობა გახდა ქვეყნის პრაქტიკულად სრულუფლებიანი პატრონი, მან ჩამოაყალიბა თავისი მთავრობა, რომელმაც აიღო თავის თავზე პასუხისმგებლობა ავღანეთის მომავალზე. როგორც თავად თალიბები ამბობენ, ეს არის დროებითი მთავრობა, რომელსაც ვერ ვუწოდებთ წარმომადგენლობითს ან ინკლუზიურს“, – განაცხადა პუტინმა და აღნიშნა, რომ თალიბების მთავრობის წევრებს შორის არ არიან სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები.

„თუმცა, მათთან მუშაობა, რა თქმა უნდა, საჭიროა. რაც შეეხება აღიარებას, დავეთანხმები მათ, ვინც ამასთან დაკავშირებით მოსაზრება გამოთქვა, რომ საჭიროა ამ საკითხზე ჩვენი პოზიციის შეთანხმება“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინის თქმით, თალიბების მთავრობასთან დიალოგის დამყარება ოპტიმალური იქნებოდა ავღანეთის საკითხზე მომუშავე გაფართოებული სამეულის (რუსეთი, ჩინეთი, პაკისტანი, აშშ) მექანიზმის ფარგლებში. როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ მიმართულებით მუშაობა უკვე მიმდინარეობს.