ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა, დაუბრუნდეს „მარცვლეულის შეთანხმებას“, თუ დასავლეთი რუსეთის წინაშე აღებულ ვალდებულებებს შეასრულებს
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი მზადაა, დაუბრუნდეს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას, თუ დასავლეთი შეასრულებს რუსეთის წინაშე აღებულ ვალდებულებებს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე „ბრიკსის“ სამიტის მონაწილეებისადმი მიმართვისას განაცხადა.
კერძოდ, პუტინი კვლავაც მოითხოვს, რუსული მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტზე დაწესებული სანქციები მოიხსნას. ამასთან ერთად, პუტინი ამტკიცებს, რომ რუსეთს აქვს შესაძლებელობა, სრულად ჩაანაცვლოს უკრაინული მარცვლეული როგორც კომერციული მყიდველებისთვის, ისე იმ ქვეყნებისთვის, ვინც ამ პროდუქტს ჰუმანიტარული დანიშნულებით იღებს.
„რუსეთს განზრახ უქმნიან დაბრკოლებებს მარცვლეულისა და სასუქის საზღვარგარეთ ექსპორტში და ამასთან, თვალთმაქცურად გვაბრალებენ მსოფლიო ბაზარზე კრიზისის შექმნას. ეს ნათლად გამოჩნდა ე.წ. მარცვლეულის შეთანხმების რეალიზაციის დროს. ეს შეთანხმება გაერო-ს გენერალური მდივნის მონაწილეობით გაფორმდა და თავდაპირველად მიმართული იყო გლობალური სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ, შიმშილის შემცირებისა და ღარიბი ქვეყნების დახმარებისკენ. ჩვენ არაერთხელ გავუსვით ხაზი იმ ფაქტს, რომ ამ შეთანხმების მოქმედების პერიოდში, ერთი წლის განმავლობაში უკრაინიდან 32,8 მილიონი ტონა ტვირთის ექსპორტი განხორციელდა. ამ ტვირთის 70 პროცენტი საშუალო და მაღალი შემოსავლების ქვეყნებში წავიდა, მათ შორის ევროკავშირშიც, და მხოლოდ 3 პროცენტი ჩავიდა ღარიბ ქვეყნებში, ანუ ერთ მილიონ ტონაზე ნაკლები. არ შესრულებულა ამ შეთანხმების არცერთი პირობა, რომელიც ეხებოდა რუსული მარცვლეულისა და სასუქის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტზე დაწესებული სანქციების მოხსნას. რუსეთის წინაშე აღებული ვალდებულებები, უბრალოდ, იგნორებული იყო“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთმა ე.წ. მარცვლეულის შეთანხმება 18 ივლისს დატოვა.