ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი, სავარაუდოდ, ხელყუმბარებით ააფეთქეს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი, სავარაუდოდ, ხელყუმბარებით ააფეთქეს. მისი თქმით, ტვერის რეგიონში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის სხვა მგზავრების სხეულებში ყუმბარის ფრაგმენტები იპოვეს.
„ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ცხედრებში ყუმბარის ფრაგმენტები იპოვეს. თვითმფრინავს არანაირი გარეგანი ზემოქმედება არ ჰქონია, ეს არის დაფიქსირებული ფაქტი. ეს არის რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგი“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინმა აღნიშნა, რომ პრიგოჟინის პირადი თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. მისივე თქმით, დაღუპულთა სისხლში ალკოჰოლის ან ნარკოტიკების არსებობის შესახებ გამოკვლევა არ ჩატარებულა, მაგრამ პუტინი მიიჩნევს, რომ საჭიროა ჩატარდეს.