ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპს პარიზში ნავთობის ფასზე ესაუბრა
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ პარიზში აშშ-ის პრეზიდენტს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის შესახებ ესაუბრა. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა სინგაპურში გამართული რეგიონული კონფერენციის შემდეგ განაცხადა.
პუტინის თქმით, ერთი ბარელი ნავთობის სანაცვლოდ 70 დოლარი რუსეთისთვის მისაღები ფასია. რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ, მოსკოვი გააგრძელებს OPEC -თან თანამშრომლობას ნავთობის მოპოვების რაოდენობასთან დაკავშირებით.
„იცით, რომ ნავთობის დღევანდელი ფასი არ არის ძალიან სტაბილური, ის შეიძლება გაიზარდოს, რაც ბევრ ფაქტორს უკავშირდება. სხვათა შორის, ეს პრეზიდენტ ტრამპთან პარიზში განვიხილე. ბოლო პერიოდში, წელიწად-ნახევარში აშშ-მა მნიშვნელოვნად გაზარდა მოპოვება. ეს რა თქმა უნდა, აისახება ქვეყნის შიგნით მოხმარებაზე, რაც ნიშნავს, რომ ისინი ნაკლებს ყიდულობენ საზღვარგარეთიდან. ეს აისახება მთელ სანავთობო ბაზარზე“, – განაცხადა პუტინმა.
როგორც ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, დონალდ ტრამპს პარიზში სამუშაო სადილის დროს უსაფრთხოების, ეკონომიკის საკითხებსა და რეგიონულ პრობლემებზეც ესაუბრა. საუბარი შეეხო სტრატეგიულ სტაბილურობას, კერძოდ, მცირე და საშუალო რადიუსზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებას, ასევე სირიას, ჩრდილოეთ კორეასა და ირანს.
„ მზად ვართ ფართოფორმატიანი სამუშაოს აღსადგენად იმდენად, რამდენადაც ამისთვის მზად არიან ამერიკელი პარტნიორები“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
ვლადიმერ პუტინს თქმით, ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე სინგაპურში დღეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსსაც ესაუბრა.