ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ აშშ გერმანიაში შორი რადიუსის რაკეტებს თუ განალაგებს, მოსკოვი „სარკისებურ ზომებს მიიღებს“
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს. პუტინის თქმით, თუ აშშ გერმანიაში შორი რადიუსის რაკეტებს განალაგებს, რუსეთი ევროპაში საშუალო და ახლო მანძილის რაკეტების განლაგებაზე „ცალმხრივ მორატორიუმზე“ იტყვის უარს.
„ასეთი რაკეტების, რომლებიც მომავალში, შესაძლოა, აღჭურვილი იყოს ბირთვული ქობინებით, ჩვენს ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებისკენ ფრენის დრო დაახლოებით 10 წუთი იქნება.
აშშ-ის მიერ მსგავსი გეგმების რეალიზების შემთხვევაში ჩვენ საშუალო და ახლო მანძილის დარტყმითი საშუალებების განლაგებაზე აღებული ცალმხრივი მორატორიუმისგან თავისუფლად ჩავთვლით საკუთარ თავს, მათ შორის, ჩვენი სამხედრო-საზღვაო ძალების სანაპირო ჯარების შესაძლებლობების ამაღლების კუთხით. მოსკოვი მიიღებს სარკისებურ ზომებს მათ განლაგებაზე აშშ-ის, ევროპისა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში“, – განაცხადა პუტინმა.