ვლადიმერ მკერვალიშვილი ევროსაბჭოს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საწინააღმდეგო ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის წევრად აირჩიეს
ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფმა (GREVIO) ახალი წევრები, მათ შორის საქართველოდან წარდგენილი კანდიდატი, ვლადიმერ მკერვალიშვილი აარჩია.
2018 წლის 24 მაისს ევროპის საბჭოში გაიმართა ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის (სტამბოლის კონვენცია) შესახებ მხარეთა კომიტეტის მეხუთე შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის (GREVIO) ხუთი წევრის არჩევნები.
ექსპერტთა ჯგუფში ასარჩევი კანდიდატურები წარდგენილი ჰყავდა რვა ქვეყანას: გერმანია, კვიპროსი, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, საქართველო და შვედეთი. არჩევნების შედეგად შეირჩა კანდიდატები ხუთი ქვეყნიდან: საქართველო, გერმანია, შვედეთი, ნორვეგია და ნიდერლანდები.
აღსანიშნავია, რომ საქართველომ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება 2017 წელს მოახდინა. ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის (GREVIO) მიზანია სტამბოლის კონვენციის მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი.
GREVIO შედგება 15 წევრისაგან, რომლებიც ოთხი წლის ვადით აირჩევიან. ვლადიმერ მკერვალიშვილი ექსპერტთა ჯგუფთან ერთად მუშაობას მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან შეუდგება.
აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფში (GREVIO) კანდიდატთა წარდგენა შიდა კონკურსის საფუძველზე მოხდა, რომლის ჩატარებაც უზრუნველყო გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათშორისმა კომისიამ.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.