ვლადიმერ კონსტანტინიდი - საორგანიზაციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ, ქართველი მეზღვაური სოსლან კაკაბაძე სამშობლოში დაბრუნდება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ვლადიმერ კონსტანტინიდის ინფორმაციით, ლიბიის ციხიდან გათავისუფლებული ქართველი მეზღვაური სოსლან კაკაბაძე შესაბამისი პროცედურების ჩატარების შემდეგ საქართველოში დაბრუნდება.
როგორც კონსტანტინიდმა პირველ არხს განუცხადა, პატიმრობაში რჩება კიდევ ორი მეზღვაური, რომელთა საქმის განხილვა 20 მაისისთვის არის დაგეგმილი.
„შესაბამისი პროცედურების, საორგანიზაციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ, ლიბიის ციხიდან გათავისუფლებული მეზღვაური საქართველოში დაბრუნდება. პატიმრობაში ასევე რჩება ორი მეზღვაური, რომელთა საქმის განხილვაც 20 მაისისთვის არის ჩანიშნული და საქმის არსებითი განხილვის შემდეგ უფრო მეტი დეტალი გვეცოდინება.
არსებითი განხილვის დაწყებამდე რაიმე პროგნოზის გაკეთება რთულია და ეს დამოკიდებულია მტკიცებულებათა შეფასებასა და მოწმეთა ჩვენებებზე.
ჩვენი მხრიდან ყველა საჭირო სამუშაო ხორციელდება, რომ საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდნენ სამშობლოში“,- განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
მისივე ინფორმაციით, კაკაბაძს მიმართ ძირითადი ბრალდება იყო ნავთობით უკანონო ვაჭრობა, არაძირითადი ბრალდება კი ტერიტორიული წყლების უკანონო გადაკვეთა.
ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაური სოსლან კაკაბაძე გაათავისუფლეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ქალაქ ტრიპოლიში გამართულ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც უწყებაში განაცხადეს, ეგვიპტეში საქართველოს ელჩი ალექსანდრე ნალბანდოვი ლიბიაში იმყოფება.
ტოგოს დროშის ქვეშ მცურავ გემზე მზარეულად სამუშაოდ კაკაბაძე 2015 წლის აგვისტოში წავიდა. სამუშაოს დაწყებიდან 12 დღეში, ეკიპაჟი, რომელშიც სოსლან კაკაბაძე იმყოფებოდა, ლიბიაში დააკავეს.