ვლადიმერ კონსტანტინიდი - საკონსულო აღრიცხვა მარტივი პროცედურაა, რომელიც მოქალაქეს დამატებით ვალდებულებებს არ აკისრებს და მოსაკრებლის გადახდის გარეშე სრულდება
საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის საჭირო პროცედურებს განმარტავს.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა, მეორე ტურში მონაწილეობისთვის საჭიროა პირი იმყოფებოდეს საკონსულო აღრიცხვაზე ან კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იყოს საცხოვრებელ მისამართზე.
საკონსულო აღრიცხვის გავლა შესაძლებელია ონლაინრეჟიმში, სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ვებგვერდის – geoconsul.gov.ge საშუალებით. ამისთვის საჭიროა საქართველოს მოქალაქის ვადიანი პირადობის მოწმობა ან ვადიანი პასპორტი.
„საკონსულო აღრიცხვა წარმოადგენს მარტივ პროცედურას, მოქალაქეს არ აკისრებს რამე სახის დამატებით ვალდებულებებს და ემსახურება მხოლოდ მოქალაქეთა უფლებების ეფექტიანად განხორციელების და დაცვის მიზანს. სრულდება მოსაკრებლის გადახდის გარეშე“, – აცხადებს ვლადიმერ კონსტანტინიდი.
საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობა მსოფლიოს 39 ქვეყანაში 55 საარჩევნო უბანზე შეუძლიათ. ამ დროისთვის, საკონსულო აღრიცხვაზე 57 ათასი მოქალაქე იმყოფება.