ვლადიმერ კონსტანტინიდი - საერთაშორისო თანამეგობრობა არ ეგუება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და გმობს რუსეთის ფედერაციის ნაბიჯებს
რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება გახლავთ მორიგი უკანონო ნაბიჯი საქართველოს რეგიონების რუსეთის პოლიტიკურ და სამხედრო სივრცეში ინტეგრირებისა, რაც წარმოადგენს რუსეთის ანექსიური პოლიტიკის გაგრძელებას, – ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებული მემორანდუმის შესახებ გააკეთა, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არმიის მოდერნიზებას გულისხმობს.
როგორც ვლადიმერ კონსტანტინიდმა განმარტა, რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება, დამატებითი სახსრები გამოყოს მოდერნიზების პროექტისთვის, ეფუძნება რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის პარტნიორობის შესახებ გაფორმებულ იმ ე.წ. შეთანხმებას, რომელიც საფუძველშივე არალეგიტიმურ დოკუმენტს წარმოადგენს.
„საერთაშორისო თანამეგობრობა არ ეგუება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და გმობს რუსეთის ფედერაციის მსგავს ნაბიჯებს, რაც დაფიქსირდა კიდეც საერთაშორისო თანამეგობრობის არაერთი რეაგირებით რუსეთის დესტრუქციული ქმედებებისადმი. საქართველო მიმართავს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, განაგრძობს პარტნიორების ინფორმირებას, საერთაშორისო ტრიბუნებისა და ფორმატების აქტიურ გამოყენებას, მათ შორის ამჟამად მიმდინარე გენერალური ასამბლეის დებატების ფორმატს, სადაც მსოფლიო ლიდერები არიან შეკრებილი, რათა საერთშორისო შეფასება მიეცეს და შეჩერდეს რუსეთის მხრიდან მსგავსი ქმედებები“, – აღნიშნა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის მიზნით, ხელშეკრულების გაფორმების განკარგულება გასცა.
ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული აფხაზეთის სამხედრო ძალების მოდერნიზების ხარჯებს რუსეთი დააფინანსებს.