ვლადიმერ კონსტანტინიდი - რამდენიმე საათში ამსტერდამიდან თბილისში დაეშვება თვითმფრინავი, რომლითაც საქართველოს 179 მოქალაქე დაბრუნდება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის ინფორმაციით, რამდენიმე საათში თბილისში ამსტერდამიდან თვითმფრინავი დაეშვება, სადაც საქართველოს 179 მოქალაქეა.
როგორც ვლადიმერ კონსტანტინიდმა აღნიშნა, ყველა მგზავრი გაივლის შესაბამისი წესით საკარანტინო პირობებს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.
„განვაგრძობთ უცხოეთში მყოფი ჩვენი მოქალაქეების ეტაპობრივად და ორგანიზებულად ჩამოყვანას. დღეს განხორციელდა რეისი ამსტერდამიდან. პრაქტიკულად რამდენიმე საათში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვება. ბორტზე იმყოფება საქართველოს 179 მოქალაქე და მათ შორის არიან განსაკუთრებული საჭიროების ადამიანები, ორსულები, არიან სტუდენტები, რომლებიც ევროპაში სწავლობდნენ და არიან ტრანზიტული მგზავრებიც, ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში იყვნენ და შეძლეს ჩვენი საელჩოების დახმარებით ამსტერდამში ჩასვლა. ყველა მგზავრი, რომელიც ჩამობრძანდება, გაივლის შესაბამისი წესით საკარანტინო პირობებს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, იგეგმება ასევე რეისების შესრულება სხვადასხვა ქვეყნიდანაც.
„რაც შეეხება სხვა რეისებს, რეისები იგეგმება ლონდონიდან, ათენიდან, ლარნაკადან და სხვადასხვა ქალაქიდან. ჯერ მიმდინარეობს საორგანიზაციო საკითხები, მგზავრების ზუსტი რაოდენობა მოგვიანებით გვეცოდინება, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ამ შემთხვევებში იქნება გათვალისწინებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და სამედიცინო ხასიათის პროტოკოლი და მგზავრები თვითმფრინავში განთავსდებიან შესაბამისი მოთხოვნების დაცვით ე.წ ჭადრაკული პრინციპით“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.