ვლადიმერ კონსტანტინიდი - პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის ქართველი მეზღვაურები თავს კარგად გრძნობენ
ვლადიმერ კონსტანტინიდი - პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის ქართველი მეზღვაურები თავს კარგად გრძნობენ

პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის, “პანტელენას” ქართველი მეზღვაურები თავს კარგად გრძნობენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, მათ ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვთ, ყველა მათგანს წესრიგში აქვს საჭირო დოკუმენტაცია.

როგორც კონსტანტინიდმა აღნიშნა, საჭიროების შემთხვევაში, აფრიკის კონტინენტზე საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობა მეზღვაურებს სათანადო დახმარებას გაუწევს.

„ეკიპაჟთან კონტაქტი გუშინ შედგა. ვრცელი საუბარი გვქონდა გემის კაპიტანთან, რომელმაც დაადასტურა, რომ გემზე შეიარაღებული პირების მიერ ყაჩაღური თავდასხმა მოხდა. ამ დროისთვის, გემი იმყოფება ტოგოს პორტში და ყველა მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი.

გუშინ გემის ინსპექტირება ჩაატარა ტოგოს უსაფრთხოების ძალებმა. გემზე აიყვანეს ექიმი, ფსიქოლოგი. უზრუნველყოფილი არიან ყველა საჭირო პირველადი მოხმარების საგნით, სასმელი წყლით, საკვებით. ჩვენ ვრჩებით მუდმივ კონტაქტზე გემთან, ვინაიდან რამდენიმე დღის განმავლობაში, მას მოუწევს პორტში გაჩერება, იმის გათვალისწინებით, რომ გემზე სასიგნალო სისტემები იყო დაზიანებული, ჩატარდება გარკვეული სარემონტო სამუშაოები.

გუშინ მათ სპეციალური ტელეფონი გადაეცათ, რომლითაც ოჯახის წევრებს დაუკავშირდნენ. ჩვენც ამ ტელეფონით დავუკავშირდით ეკიპაჟის წევრებს. იცით რომ დასავლეთ აფრიკაში წარმომადგენლობა არ გვაქვს, თუმცა მზადყოფნაში იყო ჩვენი საელჩოები აფრიკის კონტინენტზე, როგოც სამხრეთ აფრიკაში ასევე ეთიოპიაში, იმ შეთხვევაში თუ გემის ეკიპაჟს დასჭირდებოდა რამე დახმარება, ან დოკუმენტური უზრუნველყოფა, მაგრამ საბედნიეროდ, ამის აუცილებლობა არ არის, რადგან დოკუმენტაცია წესრიგშია აქვთ. არც ერთს არ დაუკარგავს პასპორტი ან რაიმე სამგზავრო დოკუმენტი. ჩვენ გემის კაპიტანს მზადყოფნა განვუცხადეთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, იქ შეიძლება მივლინებულ იქნას ჩვენი რომელიმე საელჩოს წარმომადგენელი“, – განაცხადა კონსტანტინიდმა.